logo
ENG



"ესე იგი, არ იყო შემოსაშვები" - კალაძე ბრიტანეთის მოქალაქის არშემოშვებაზე

13 ნოე 202313:16
3 წუთის საკითხავი
 

"ესე იგი, არ იყო შემოსაშვები" - ასე ეხმაურება ქართული ოცნების გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში ბრიტანეთის მოქალაქის, ბენ მალეტის არშემოშვებას

კალაძეს ამ თემაზე საუბრისას მაგალითად მოჰყავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება "გადატრიალების მცდელობასთან" დაკავშირებით და ამტკიცებს, რომ "მშვიდობის შესანარჩუნებლად მუშაობა ყველა მიმართულებით მიმდინარეობს".

"ნუ, მე არ ვიცი, დეტალებს არ ვიცნობ. საქართველოს ჰყავს უსაფრთხოების სამსახური და დარწმუნებული ვარ, ისინი იღებენ სწორ გადაწყვეტილებებს. თუ არ შემოუშვეს, ალბათ, არ იყო შემოსაშვები და მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ასე რომ, ყველა ეს ადამიანი, ვინც შეიძლება მტრულად იყოს განწყობილი საქართველოს მიმართ და ახორციელებდეს მძიმე ქმედებებს, მიუხედავად იმისა, რომ იცით, რამდენიმე კვირის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა წერილი იმასთან დაკავშირებით, რომ არიან კონკრეტული ადამიანები, როგორც ქვეყნის შიგნით, გარეთ აქვთ მცდელობა, რომ დაგეგმონ სისხლიანი დაპირისპირება, ხელისუფლების დამხობა და ა.შ. რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა და არავის არ მიეცეს საშუალება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, რომ რაიმე დაპირისპირება, რევოლუცია, დამხობა მოაწყოს. თუ არ შემოუშვეს, ესე იგი არ იყო შემოსაშვები", - ამბობს კალაძე.

გუშინ ნაციონალური მოძრაობის კონსულტანტი, ბრიტანეთის მოქალაქე ბენ მალეტი საქართველოში არ შემოუშვეს. როგორც ცნობილია, ის 1 კვირის წინ საქართველოში იმყოფებოდა, რამდენიმე დღით ქვეყნიდან გავიდა, რის შემდეგაც ის საქართველოში აღარ შემოუშვეს. თბილისის აეროპორტში გვიან ღამით პარტიის ლიდერები - ლევან ხაბეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი მივიდნენ. ენმ-ის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ ამით ხელისუფლება დიპლომატიურ სკანდალში ეხვევა.


close დახურვა